თეგი: მწვანე ნარგავები

მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000-დან 10 000 ლარამდე. „ყველამ კარგად იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და რამხელა ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობა მათ არსებობას, განახლებას, ჩანაცვლებას. შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები თბილისელების და ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილებად იქცა, თუმცა, გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანების მიმართულებით, რადგან ძალიან ხშირად ფიქსირდება ისეთი ფაქტები, რომ ხდება უნებართვოდ ჭრები, ხეების მიზანმიმართულად დაზიანება. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით, შევძლებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას. შემოთავაზებული ცვლილებით, გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის და გაიზრდება 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში, 1 000-ლარიანი ჯარიმა გაიზრდება 10 000 ლარამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შეიცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი, ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება. „რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება. ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დროულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალება საკანონმდებლო პროექტების წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე.  

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის კანონი მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას ისახავს მიზნად. როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ძალიან ხშირად აქვს ადგილი მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ გაჩეხვის შემთხვევებს. ამიტომ, ჯარიმების გაზრდა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგულაციის მთავარი მიზანი – მწვანე ნარგავების დაცვა და მათზე უკანონო ზემოქმედების განხორციელების შემცირება. მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება განმეორებით 1 000 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 1 0000 ლარის ოდენობით. „დედაქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანია ასევე ექსპერტების მიერ არასწორი დასკვნების გაცემის ფაქტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომ ექსპერტებმა შეწყვიტონ საპროექტო წინადადებას მორგებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და უფლებამოსილი ორგანოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება იქნება ერთგვარი პრევენცია და პოტენციური სამართალდამრღვევებისთვის სიგნალი, რომ არ ჩაიდინონ შესაბამისი სამართალდარღვევები, რადგან მათ მიმართ გამოყენებული იქნება ახლა უფრო მკაცრი სანქციები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.  

მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე ჯარიმა 5 000 ლარი იქნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი. „არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რომ შემდეგ მშენებლობა დაიწყონ. პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 5 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 500 ლარისა), ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 10 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა). ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობა აეკრძალოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ მსგავსი ცვლილებების პროექტით საქართველოს მთავრობასაც მიმართა და დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება. „პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო და გამოაქვეყნა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ცვლილებების პროექტით ჩვენ ასევე, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც მიიღო დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება. მსგავს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავებზე მერიის შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრის ან გადარგვის შესახებ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.